სტუდენტთა აქტიურობის შეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ცენტრი

ტრეინინგის ფარგლებში ვიმსჯელებთ სტუდენტთა აქტიურობის შეფასების მეთოდების მოდიფიკაციის საჭიროებასა და უკუკავშირის მნიშვნელოვნებაზე შერეული სწავლების (Blended Learning) პირობებში; გავაცნობიერებთ განსხვავებას განმავითარებელსა და შემაჯამებელ შეფასებებს შორის; გავეცნობით თვითშეფასების, კოლეგიალური შეფასებისა და მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი შეფასების მეთოდებს; მოვსინჯავთ ონლაინ-ხელსაწყოებს (Forum, Choice, Feedback, Glossary, Quiz), რომლებიც გამოგვადგება სტუდენტთა აქტიურობის შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად.


როგორ ვასწავლოთ აკადემიური წერა
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ცენტრი

სასერტიფიკატო კურსი როგორ ვასწავლოთ აკადემიური წერა მიზნად ისახავს აკადემიური წერის სწავლებით დაინტერესებულ პირებს გააცნოს:

  • სწავლების თანამედროვე მეთოდები
    • კერძოდ, აქტიური სწავლისა (active learning) და ლექციის ამობრუნებული მოდელით (flipped learning model) წარმართვის პრინციპები როგორც სააუდიტორო, ასევე დისტანციური მუშაობისთვის;
  • აკადემიური წერის სპეციფიკა, რიტორიკული ფორმები და მათი მნიშვნელობა
  • აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის პროცესები
    • ეს გულისხმობს:

ა) აკადემიურ ნაშრომსა და მის პრეზენტაციასთან დაკავშირებულ მოდელებსა და წესებს;
ბ) ნაშრომის ტექნიკურ მხარესა და სტრუქტურას;
გ) ბიბლიოგრაფიის შედგენის პრინციპებს და სხვ.

  • აკადემიური სტილის მნიშვნელობა
    • კერძოდ, აჩვენოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს ძირითადი კონცეფციები და პლაგიატთან დაკავშირებული პოლიტიკა.
  • კრიტიკული აზროვნებისა და უკუკავშირის როლი აკადემიური უნარების განვითარების პროცესში
    • კერძოდ, უკუკავშირის მნიშვნელობა, ფორმები და საშუალებები

კურსის დასრულების შემდეგ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა აკადემიური წერისა და მისი სწავლების ყველა მნიშვნელოვან საბაზისო საკითხზე.

კურსს გაუძღვება ნინო გალდავაძე. ტრენერის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3m55m0Q

დისტანციური წაკითხვა და ლიტერატურის კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ცენტრი

ვორკშოპის მიზანია, გააცნოს დოქტორანტებს ლიტერატურის ციფრული ანალიზის შესაძლებლობები და გამოწვევები. ვორკშოპი უწინარესად განკუთვნილია ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, თუმცა სხვა ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებათა წარმომადგნელების ჩართულობა ასევე ღირებული იქნება და ხელს შეუწყობს დისციპლინათშორისი დიალოგის წამოწყებას კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებზე. ვორკშოპის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ თეორიულად გაეცნონ ტექსტის ციფრული ანალიზის სპეციფიკას, არამედ პრაქტიკაშიც გამოსცადონ ციფრული ანოტაციისა და ანალიზის ერთ-ერთი ხელსაწყო (CATMA). სანიმუშო ანალიზისთვის შეირჩევა ერთი ლიტერატურული ტექსტი (ლექსი ან მომცრო მოთხრობა), რომელსაც დავაკვირდებით როგორც ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების, ისე ციფრული ანალიზატორის გამოყენებით. ვორკშოპი წარიმართება შეტრიალებული გაკვეთილის (Flipped Classroom) ფორმატში: მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან სამეცნიერო ლიტერატურას და შეასრულებენ (ონლაინ-)დავალებებს; შეხვედრები კი დაეთმობა მსჯელობასა და პრეზენტაციებს წაკითხულის შესახებ. დაიფარება შემდეგი საკითხები:

1.      ლიტერატურის ციფრული ანალიზი - მეთოდი თუ ინსტრუმენტი? (დისკუსია)

2.      დისტანციური წაკითხვა (ფრანკო მორეტი) როგორც მსოფლიო ლიტერატურის კორპუსის შესწავლის მეთოდი (პრეზენტაციები)

3.      ტექსტის ციფრული ანოტაციის შექმნა: CATMA (ვარჯიში)

4.      ტექსტის ციფრული ანალიზი: CATMA (ვარჯიში)

5.      დამოუკიდებლად განხორციელებული ციფრული ანალიზის შედეგები (პრეზენტაციები)

6.      ციფრული ჰუმანიტარიის სხვა ხელსაწყოები და რესურსები (მიმოხილვა)

7.      ციფრული ანალიზის შესაძლებლობები და შეზღუდვები (შემაჯამებელი დისკუსია რამდენიმე წაკითხულ სტატიაზე დაყრდნობით)


ონლაინ-სწავლების დაგეგმვა კვლევითი თემის მოდელის გამოყენებით
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ცენტრი

კურსის მიზანია, მოამზადოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაში სწავლებაში ჩართული პერსონალი (აკადემიური და მოწვეული)  იმისთვის, რათა მათ შეძლონ ონლაინ-კურსების დაგეგმვა / მოდიფიკაცია ე.წ. კვლევითი თემის მოდელის (Community of Inquiry) მიხედვით, რომლითაც შესაძლებელია ჯგუფში პედაგოგიური, კოგნიციური, სოციალური და ემოციური ჩართულობის უზრუნველყოფა ონლაინ-სწავლებისას.


აქტიური სწავლა ამობრუნებულ გაკვეთილზე Active Learning in the Flipped Classroom
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ცენტრი

ონლაინ-ვორკშოპის ფარგლებში შეიტყობთ, რა არის აქტიური სწავლა და რატომაა მისი დანერგვა მიზანშეწონილი ახალი თაობასთან მუშაობაში; გააცნობიერებთ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ გაკვეთილს ონლაინ-სწავლების შემთხვევაში და რატომაა იგი უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილი; პრაქტიკაში გამოცდით სწავლების ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც გამოგადგებათ ამობრუნებულ გაკვეთილზე აქტიური სწავლის ტექნიკების გამოსაყენებლად.